თეგი: აითაჯ შახმაროვა

14 წლის გოგოს მკვლელობის საქმეს ნაფიცი მსაჯულები არ განიხილავენ

14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმეს ნაფიცი მსაჯულები არ განიხილავენ. „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, ეს გადაწყვეტილება თავად მკვლელობაში ბრალდებულმა მიიღო. თელავის რაიონული სასამართლოში 14 წლის შახმაროვას მკვლელობის საქმის წინასასამართლო სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა. დღევანდელი პროცესის დასრულების შემდეგ ადვოკატმა განაცხადა, რომ ბრალდებული არცერთ ეპიზოდში თავს დამნაშავედ არ ცნობს და 28 წლის კაცის გადაწყვეტილებით, საქმე ნაფიც მსაჯულებს არ გადაეცემათ. იმის გათვალისწინებით, რომ საქმის ერთ-ერთი ეპიზოდი სქესობრივ დანაშაულს ეხება, პროკურატურის შუამდგომლობით სხდომა დახურულია. საქმე ეხება 14 წლის მოზარდს, აითაჯ შახმაროვას, რომელიც, გამოძიების ინფორმაციით, სოფელ ლამბალოში 6 ოქტომბერს მოკლა კაცმა, რომელმაც რამდენიმე თვით ადრე იძულებითი ქორწინების მიზნით მოიტაცა. მოზარდის წინააღმდეგობის და სახლიდან რამდენჯერმე გაქცევის მცდელობის შემდეგ კი მოკლა და მიიმალა. საქმის ფარგლებში ახლა სულ ხუთი პირია დაკავებული.  

სასამართლომ 14 წლის გოგოს განზრახ მკვლელობის საქმეზე დედას 3 წლით, ბიძას კი, 3.6 წლით პატიმრობა შეუფარდა

14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული დედა, ეგანა მაგარამოვა და ბიძა ნატიკ მაგარამოვი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მაია შოშიაშვილის გადაწყვეტილებით, ეგანა მაგარამოვას 3 წლის ვადით, ნატიკ მაგარამოვს კი 3,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აითაჯ შახმაროვას დედაც და ბიძაც როგორც ქორწინების იძულებაში, ასევე დანაშაულის შეუტყობინებლობაში დამნაშავედ ცნეს. 13 წლის აითაჯ შახმაროვას ქორწინების იძულებისთვის დედასა და ბიძას 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის კი, ნატიკ მაგარამოვს 3,6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ეგანა მაგარამოვს კი 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. დიდმა სასჯელმა მცირე სასჯელი შთანთქა და საბოლოოდ ბიძას, 3 წლითა და 6 თვის ვადით, დედას კი 3 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ნატიკ მაგარამოვმა საბოლოო სიტყვაში განაცხადა, რომ ის თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. რაც შეეხება აითაჯ შახმაროვას დედას, მან რამდენჯერმე განაცხადა, რომ ის ამ საქმეში უდანაშაულო, უფრო მეტიც, დაზარალებულია. „ამ საქმეში დაზარალებული ვარ, რომელ დედას ენდომებოდა შვილი ასე გამოსცლოდა? ამ საქმეში უდანაშაულო ვარ, 7 თვეა, რაც უდანაშაულოდ ვზივარ, ჩემი შვილი სადაა დაკრძალული, ესეც არ ვიცი, მის საფლავზეც არ მივსულვარ. ბავშვი ჩემი გაზრდილი იყო, რა სიმწრით გავზარდე შვილები, ეს ვინ იცის, ჩემი შვილების გამო სიკვდილზეც წამსვლელი ვიყავი. ჩემზე მეტად დაზარალებული არავინაა," - განაცხადა მაგარამოვამ. საქმის პროკურორი, ხატია გოგრიჭიანი აცხადებდა, რომ საქმეზე ბრალდებულების წინააღმდეგ როგორც პირდაპირი, ასევე, ირიბი მტკიცებულებები არსებობს, რომლებიც ბრალდებულების მხრიდან 13 წლის ბავშვის მიმართ განხორციელებულ ქმედებებს - ქორწინების იძულებასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას უტყუარად ადასტურებენ. აითაჯ შახმაროვას დედისა და ბიძის ადვოკატები ბრალდების მხარისგან განსხვავებით, გამამართლებელ განაჩენს ელოდებოდნენ. ცნობისთვის, მოკლული აითაჯ შახმაროვას დედა და ბიძა, პროკურატურის მიერ წაყენებულ ბრალს ამ დრომდე არ აღიარებენ. მათი განმარტებით, გოგონა საკუთარი სურვილით, ყოველგვარი იძულების გარეშე გათხოვდა. რაც შეეხება აითაჯ შახმაროვას მკვლელობას, აღნიშნულზე ალიმ სადიკოვი დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ე’’ ,,თ’’ და ,,კ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი გენდერის ნიშნით), 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საგარეჯოს სოფელ ლამბალოში, 14 წლის აითაჯ შახმაროვა 6 ოქტომბერს მოკლეს. მოკლული არასრულწლოვანი წარმოშობით დმანისის სოფელ მამიშლოდან იყო.